თბილისში ხვალ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, მსგავსი შეხვედრა მინისტრის მოადგილის დონეზე ყოველწლიურად გაიმართება.
უწყების ინფორმაციით, ქართული მხრიდან სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგარდი უხელმძღვანლებს.
სხდომაში მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის და ევროკომისიის წარმომადგენლები მიიღებენ.
კერესელიძის განცხადებით, სხდომის ფარგლებში, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები და საქართველოს სამომავლო გეგმები განიხილება.
შეხვედრის დღის წესრიგი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს მოიცავს, მათ შორის, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხები და საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგი იქნება.