"ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ყოველკვარტალური ანგარიშის" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება საგარეო უწყებაში დღეს, 17.00 საათზეა დაგეგმილი. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო უწყების სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ანგარიში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერა მომზადებული.
,,საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეს ახალი პრაქტიკის დასაწყისია და მომავალში ასეთი ანგარიშები მომზადდება ყოველკვარტალურად", - განაცხადა კერესელიძემ.
მისი ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გაიმართება, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს უკავშირდება. ამ დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, უკვე მესამედ იმართება ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "ღია კარის დღე – ტური ვეცნობით მსოფლიოს".
ღონისძიების ფარგლებში, შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების საჯარო სკოლების მე-6 და მე-8 კლასის 42 მოსწავლე თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ეწვევა. საელჩოებში ვიზიტის შემდეგ მოსწავლეებს ლექციას წაუკითხავს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ელენე გოცაძე და ბოლოს, მოსწავლეებს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო უწყების ხელმძღვანელი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდება, რომელიც ბავშვებს ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გადასცემს, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღება გაიმართება.