,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში პოზიციონირებდა ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებით სწორად.
მისივე თქმით, პარტიაში საკითხების უმრავლეს შემთხვევაში იგი ახერხებდა საკუთარი სწორი პოზიციის გატანას.
,,ზოგადად, მინდა, გითხრათ, რომ იდეოლოგიური ხასიათის წყალგამყოფები ჩემსა და ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს შორის ნამდვილად არ ყოფილა. ცხადია, იყო საკითხებზე ხშირი დისკუსია და ეს შიდადემოკრატიული პროცესია. მინდა, ვთქვა, რომ, როდესაც ასეთი საკითხები წყდებოდა, პრაქტიკულად, საკითხების უმრავლეს შემთხვევაში მე ვახერხებდი თანაგუნდელების ნაწილთან ერთად, ჩემი აზრით, სწორი პოზიციის გატანას და მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობა ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში პოზიციონირებდა ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებით სწორად - იქნებოდა ეს ეკონომიკური თუ სხვა ტიპის საკითხები”,- განაცხადა ჯაფარიძემ ,,რუსთავი 2” -ს ეთერში სტუმრობისას.
პარტიიდან წასვლის მიხეხები მას ისევ არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ აღმასრულებელი მდივანი მხოლოდ პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ასრულებს.
,,მინდა, მოსახლეობას ესმოდეს, აღმასრულებელი მდივანი არ არის პარტიის მეფე და ხანი. აღმასრულებელი მდივანი არის ადამიანი, რომელიც ასრულებს პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს”,- განაცხადა ჯაფარიძემ
შეგახსენებთ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა, სამ თანაგუნდელთან ერთად, პარტია 25 მაისს დატოვა.