საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ერიკ ჰიოგს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ მიულოცა მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მის საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა და სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. „ხელშეკრულებების“ იმპლემენტაციის შედეგები. აღნიშნულ კონტექსტში ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას და მისიის მანდატის ორი წლით გაგრძელებას მიესალმა.
ამასთან, მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს მიეწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტების შესახებ.