გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სთხოვეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებისგან ამაღამაც თავი შეეკავებინათ. ეს განცხადება სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარი კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა გააკეთა.
"იმის გამო, რომ ამჟამად აქ გადაუდებლად წვიმს და მოსახლეობის სიცოცხლისთვის სახლებში დაბრუნების საშიშროება მოხსნილი არაა, ვთხოვეთ მოსახლეობას, ამ ღამითაც თავი შეიკავონ სახლებში დაბრუნებისგან", _ აცხადებს სიბაშვილი სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში და აღნიშნავს, რომ მიუხედავად გადაუდებელი და კოკისპირული წვიმისა, ამჟამად ჭერემის ჯებირის გამაგრებითი სამუშაო მიმდინარეობს.
"მიუხედავად ცუდი ამინდისა, სამუშაო არ შეჩერებულა. ადგილზე გაიგზავნა დამატებითი ტექნიკა, პროჟექტორები, ტექნიკური აღჭურვილობა, რაც გამაგრებითი სამუშაოს მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელების საშუალებას მოგვცემს", _ აცხადებს სიბაშვილი.
მისი თქმით, ეს ღამე, სავარაუდოდ, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხე მოიხსნას და ისინი ხვალიდან სახლებს დაუბრუნდნენ.
სიბაშვილი ასევე აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თხოვნას მოსახლეობა გაგებით მოეკიდა.