ვენაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, დღეს მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე მამაკაცებსა და 63 და 70-კილოგრამიან ქალებს შორის თამაშდება.
22 აპრილს ტატამზე ორი ქართველი გავიდა და სამეულს ორივეს თითო გამარჯვება აშორებს.
ზაზა კედელაშვილი (73 კგ) და ლევან წიკლაური (81 კგ) რეპეშაჟის ფინალში ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ.
კედელაშვილი, რომელიც 2006, 2007 და 2008 წლებში 66 კილოგრამში ევროპის ჩემპიონი ხდებოდა, ამჯერად ერთი წონით მაღლა გამოდის.
მეოთხე ოქროს შანსი მან ნახევარფინალში, პორტუგალიელ ჟოაო პინასთან მარცხით დაკარგა და დამამშვიდებელი ეტაპის დასკვნით რაუნდში გადაერთო, სადაც ფრანგ უგო ლეგრანს შეეჯიბრება. ძირითად ბადეში კედელაშვილმა 3 გამარჯვება მოიპოვა. კედელაშვილმა პირველ წრეში ბელარუსი ვიტალი შაულიუკი წუთსა და 49 წამში იპონით დაამარცხა, იპონითვე, 2 წუთსა და 10 წამში გაუსწორდა ესტონელ კინტერ როტბერგს. მეოთხედფინალში კი ერთ-ერთ ფავორიტს, ბელგიელ ევროპის ჩემპიონს, დირკ ვან ტიჩელტს ოქროს დროში, ვაზარით სძლია.
ლევან წიკლაურს (81 კგ) ფინალის გზა ფრანგმა ანტუან ჯანინმა გადაუკეტა. იქამდე ქართველმა ლიტველ რადვილას მატუკასს იუკოთი სძლია, ხოლო ესტონელი ალექსანდრ მარმელიუკი სამწუთ-ნახევარში შებოწა.
რეპეშაჟის ნახევარფინალში წიკლაურმა უბრძოლველად გაიარა, რადგან სლოვენიელი ალჯაზ სედეჟი ტრავმის გამო ტატამზე ვერ გამოვიდა. რეპეშაჟის ფინალში კი ჩვენებურის მეტოქე ჰოლანდიელი ჯილომ ელმონი იქნება.