თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ათენში ოლიმპიური ცეცხლის ანთებისა და გადაცემის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” თბილისის საკრებულოდან აცნობეს, გიორგი ალიბეგაშვილი ათენში გუშინ გაემგზავრა. მასთან ერთად დელეგაციაში იმყოფებიან ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები და ხელოვანები.
საზეიმო ღონისძიება ათენში, პანათენაიკოსის სტადიონზე სპეციალური რიტუალით ჩატარდა. შესრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები, რის შემდეგაც ანთებული ჩირაღდანი საქართველოს გადაეცა.
ოლიმპიური ცეცხლის საზეიმო დახვედრა დღეს, ბათუმში მოეწყობა, საიდანაც ცეცხლის მასშტაბური ესტაფეტა დაიწყება. ხვალიდან კი, ჩირაღდანი სამხრეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაინაცვლებს და ორი თვის განმავლობაში საქართველოს 67 მუნიციპალიტეტს შემოივლის. ოლიმპიურ ცეცხლს საქართველოში სულ 700 მეჩირაღდნე შემოატარებს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა თბილისში 26 ივლისიდან პირველ აგვისტომდე გაიმართება. მასში 49 ქვეყნის 3800 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ოლიმპიადის თბილისში ჩატარების საკითხი 2010 წელს ბელგრადში გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა, როცა ორ კანდიდატ ქალაქს - თბილისსა და ბრნოს (ჩეხეთი) შორის არჩევანი თბილისის სასარგებლოდ დასრულდა.