პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნულ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, საჭიროა განსხვავებული მოსაზრებების მოსმენაც. ამის შესახებ მან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის ინიცირებისას განაცხადა.
„ვინაიდან, საკითხისადმი ინტერესი დიდია, სჯობს, ყველა მხარის აზრი მოვისმინოთ“, - დასძინა უსუფაშვილმა.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხომაზე მოხდა, რომლის მიხედვით, 2015 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან სსიპ - საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო იქმნება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნოდარ ებანოიძისა და კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის მიერ მომზადებული ცვლილებებით, აღნიშნული სააგენტოს ძირითადი ფუნქცია იქნება: საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა.
პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამ მიზნით, სააგენტო ვალდებული იქნება ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, სისტემური რისკის კონტროლს, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, პოტენციური რისკების შემცირებას.
კანონპროექტმა საზოგადოებაში გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. ექსპრეტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ცვლილება დაუშვებელია.