ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დევნილებთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. დღეს მინისტრი ართვინის #53-ში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ესტუმრა.
აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 73 ოჯახი, 279 ადამიანი ცხოვრობს. სუბელიანის განცხადებით, შენობა მთლიანად გადაიხურა, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, მოწესრიგდა შიდაკომუნიკაცია და დევნილებს ფართები საკუთრებაში გადაეცათ. აღნიშნული პროექტი პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ეტაპობრივად გაკეთდება:
"ეს ობიექტი უკვე დევნილების საკუთრებაა. მართალია, შენობა გადაიხურა, წყალგაყვანილობა და ელექტროსისტემა მოწესრიგდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ რჩება. ისინი უკეთეს პირობებში იცხოვრებენ, თუმცა, რაც მოსაწესრიგებელია, ეტაპობრივად მოწესრიგდება", - განაცხადა სუბელაინმა.