დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონატი მინიფეხბურთში MOF-2015, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი დაესწრნენ.
წელს, ჩემპიონატში ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურების 16 გუნდი მონაწილეობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ართმევენ თავს თავის მოვალეობებს, დასვენების პერიოდშიც ცდილობენ ერთად ყოფნას და უკვე კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა ის, რომ ტარდება სამინისტროს ჩემპიონატი მინიფეხბურთში. ასე რომ, ჩემპიონატის პერიოდში ჩვენი თანამშრომლების აქცენტები, დატვირთვა სამსახურის შემდეგ, გადმოტანილი იქნება ამ დარბაზში და იმედი მაქვს, რომ სწორედ ღირსეული გუნდი გახდება წელს ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონი მინიფეხბურთში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ჯგუფური ეტაპი გაიმართება 23 მაისიდან-1 ივნისის ჩათვლით, მეოთხედფინალები შედგება 6 ივნისს, ნახევარფინალები 8 ივნისს, ხოლო ფინალი - 13 ივნისს.
ჩემპიონატის მონაწილეებს ფინანსთა მინისტრი გადასცემს სამახსოვრო სიგელებს. ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი, ასევე დაჯილდოვდებიან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი საუკეთესო მეკარე და ვეტერანი ფეხბურთელი.