საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალური ეტაპი დღეს, 12:00 საათზე დაიწყება, გამარჯვებულები კი ხვალ გამოვლინდებიან.
პროექტის პირველ ეტაპზე, 20 აპრილიდან მაისამდე, თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა 7-კაციანი გუნდი, რომლებიც 5 ჯგუფში სპეციალურ კენჭისყრაზე განაწილდნენ.
ვიქტორინას, რომელიც ეროვნულ არქივში 24 და 25 მაისს ჩატარდება, სპეციალური ჟიური შეაფასებს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: „საუკეთესო გუნდი“ და „საუკეთესო მოთამაშე“. მათთან ერთად, ეროვნული არქივის მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზითა და სიგელით, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც დაჯილდოვდებიან.
პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის არის განკუთვნილი და 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას შეეხება. არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი აღნიშნული თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესებას და მათთვის საარქივო მასალის გაცნობას ემსახურება.