საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია არის სუსტი და დამაზიანებელი საქართველოსთვის. ამის შესახებ ვაშაძემ „პირველ სტუდიაში“ განაცხადა. მისი თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინის ანექსიის ხსენების პარალელურად დოკუმენტში არ არის საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„ამ დეკლარაციაში სამი კონკრეტული რამ უნდა ასახულიყო. პირველი და ყველაზე მთავარი ეს არის ჩვენი უმწვავესი პრობლემა - ოკუპირებული რეგიონები. მეორე - საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მესამე - ვიზალიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დამთავრება. თუ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორია (როგორიცაა ყირიმი და სევასტოპოლი) კონკრეტულად არის მოხსენიებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები საერთოდ არ არის მოხსენიებული. ნახსენებია მარტო 2008 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაციის აუცილებლობა, ნახსენები არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის მოლაპარაკებები, რაც ყოვლად მიუღებელია ჩვენთვის და ძალიან სუსტი ფორმულირებებია.საერთოდ არ არის ნახსენები საქართველოს ევროპული პერსპექტივა. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ნათქვამია, რომ არის პროგრესი, მაგრამ ყველაფერი, რაც დავალებული ჰქონდა, საქართველომ ვერ შეასრულა“, - განაცხადა ვაშაძემ.