ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დევნილებთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. დღეს მინისტრი ართვინის #53-ში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ესტუმრა.
აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 73 ოჯახი, 279 ადამიანი ცხოვრობს. შენობა მთლიანად გადაიხურა, შეიცვალა ელექტროგაყვანილობა, მოწესრიგდა შიდაკომუნიკაცია და დევნილებს ფართები საკუთრებაში გადაეცათ. აღნიშნული ხორციელდება პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ეტაპობრივად გაკეთდება.
"ეს ობიექტი უკვე დევნილების საკუთრებაა. მართალია, შენობა გადაიხურა, წყალგაყვანილობა და ელექტროსისტემა მოწესრიგდა, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ რჩება. ისინი უკეთეს პირობებში იცხოვრებენ, თუმცა, რაც მოსაწესრიგებელია, ეტაპობრივად მოწესრიგდება", - განაცხადა მინისტრმა.
E
დევნილებმა მინისტრს ხშირი სტუმრობა სთხოვეს.
"ძალიან კარგი მოვლენაა, რომ დევნილთა საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება. ფართები დაკანონდა, ამჟამად გადაიხურა სახურავი და მიდის პროცესი, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოხდეს. გაკეთდება კანალიზაცია და ელექროგაყვანილობა. მადლობის მეტი რა გვეთქმის. მთავარია, გვერდში გვიდგანან. გაგვიხარდება, თუ მინისტრი ხშირად გვესტუმრება", - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა ბეჟან რეხვიაშვილმა.