აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღის შესახებ ჩანაწერი არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისია წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს.
"სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, როგორც ეს ევროკომისიის ბოლო დასკვნაშია აღნიშნული. ისინი მოუთმენლად ელოდებიან უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის დასრულებას, როდესაც ყველა მოთხოვნილი რეფორმის პუნქტები შესრულდება. ისინი ასევე მიესალმებიან კომისიის მზაობას, გააკეთოს ყველაფერი უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად სამოქმედო გეგმის განხორციელების დროს, აგრეთვე, სურვილს - დაასრულონ ანგარიშის მომზადება საქართველოსა და უკრაინის პროგრესის შესახებ 2015 წლის ბოლომდე", - აღნიშნულია დეკლარაციაში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი 2017 წელს გაიმართება.