ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, ოკუპირებული აფხაზეთის საელჩომ, ვლადისლავ არძინბას 70 წლის იუბილის აღსანიშნავად 19 მაისს მიღება გამართა.
ღონისძიებას ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლეგ არშბა, საერთაშორისო კულტურულ-საქმიანი ცენტრის ხელმძღვანელი ოლეგ ბარციცი, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კალისტრა ორტეგა, პარლამენტის დეპუტატები და რუსეთისა და ბელორუსიის ელჩები, ასევე ვენესუელისა და ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური წრის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოლეგ არშბამ ვენესუელაში ოკუპირებული აფხაზეთის ელჩს ზაურ გვაჯავას ე. წ. თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიას ბრძანებულებით ,,აფხზეთში მშვიდობის მხარდაჭერისთვის” მინიჭებული მედალი და სპეციალური ჯილდო გადასცა.
მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მასპინძლებმა თავიანთი ე. წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბასა და მეორე მსოფლიო ომის აფხაზი მონაწილეების ფოტოგამოფენა წარუდგინეს. ღონისძიება აფხაზური ანსამბლების კონცერტით დასრულდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელი ოკუპირებულ აფხაზეთში არძინბას წლად არის გამოცხადებული, რის გამოც უკვე რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.