ჭერმის წყალსაცავის ადიდება, მეწყერის შედეგად, ზედმეტი წყლის გამშვები არხის ჩანგრევამ გამოიწვია. წყალსაცავის ძირზე დაყენებული წყლის გამშვები მთლიანად ამორტიზებულია. წყალსაცავიდან წყალი ვეღარ გადის, რის გამოც, შესაძლოა, ჯებირები გაანგრიოს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ჭერმის წყალსაცავი 10 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 28 მ სიღრმისაა.
თავდაპირველად წყალსაცავი გურჯაანის რაიონის სოფლების გასარწყავებისთვის გაკეთდა, თუმცა როგორც კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ამჟამად წყალსაცავს ეს ფუნქცია აღარ აქვს.
„ამ წყლის დებეტით მარაგდება ველისციხე და მიმდებარე სოფლები სასმელი წყლით", - განაცხადა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა. 2006 წელს წყალსაცავის 50% სახელმწიფომ გაასხვისა და მას კერძო მესაკუთრე ჰყავს - შპს „ჭერმის პროდუქტები".