თელავი - თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა. ველისციხის მოსახლეობა სოფელს მასობრივად ტოვებს. რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების ევაკუაციას შს სამინისტროს სამაშველო სამსახურის და კახეთის პოლიციის სამმართველოების თანამშრომლები ახდენენ. ველისციხეში იმყოფება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძეც.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა, საფრთხე სერიოზულია და მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია ამიტომაც ხდება. მისი თქმით, ევაკუირებული ოჯახების ნაწილი ახლობლებთან გაჰყავთ სხვა სოფლებში. მათთვის კი ვისაც მეზობელ სოფლებში ახლობლები არ ჰყავთ, ცოტა ხანში კარავების გაშლა იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ წვიმების შედეგად სოფელ ჭერმის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და შესაძლოა, რომ წყალი გადმოვიდეს და სოფელს ველისციხეს გადაუაროს. სოფელში სახანძრო, სასწრაფო, სამაშველო სამსახურები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტები სოფელ ველისციხეში მუშაობენ და უახლეს ინფორმაციას კიდევ მოგაწვდით.