საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, დავით ნარმანია არ იყო მზად მერობისთვის. ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანის" ეთერში განაცხადა.
„დავით ნარმანია არ იყო მზად მერობისთვის. მე მხარი მას დავუჭირე და ის წესიერი კაცია, მაგრამ არ არის ეს ადამიანი მზად იმისთვის, რომ გაწიოს ეს ჭაპანი და ამის შედეგებს ჩვენ ვხედავთ: ხეები იჭრება – იმალება ეს კაცი; შენობები ინგრევა – იმალება ეს კაცი; გზები უბედურ დღეშია – ერთი სიტყვა არ დაუსველებია თბილისის მერს იმასთან დაკავშირებით, რომ გზები ასეთ დღეშია და როგორ მჭადის ფქვილივით აყრიან ასფალტს გზებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთანავე საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, რომ მერიაში და გამგეობებში ბევრი არაკვალიფიციური კადრია დასაქმებული.
„ძალიან ბევრი შემთხვევითი ადამიანია იქ მოხვედრილი. მათ ჰგონიათ, რომ მერიის, გამგებლის თუ მისი მოადგილის კაბინეტი არის ფულის დაზგა“, – დასძინა ალეკო ელისაშვილმა.