თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა დედაქალაქის მერია. არანაირი ხედვა არცერთი მიმართულებით მე არ მინახავს თბილისის მერიაში, აღნიშნა ელისაშვილმა გადაცემა „არჩევანში“.
„არა თუ პრობლემების მოგვარება არ დაიწყო - პრობლემები დაემატა თბილისს. ვერც ერთი სერიოზული პრობლემის მოგვარება, რომელიც იდგა ქალაქის წინაშე, დაწყებულიც კი არ არის. მთლიანად ინფრასტრუკტურა ავიღოთ: ტრანსპორტი?! ისევ ის დაფეხვილი ავტობუსები დადის. ხელშეკრულებების ნამცეცის გადახედვაც არ მომხდარა. გზები - კატასტროფაა, ყოველდღე უარესდება; გამწვანების ინფრასტრუქრტურა საერთოდ მოშლილია, საცობები დღითი-დღე უარესდება. პრობლემა აიღეთ, რომლის მოგვარება დაიწყო! არცერთი! აი, ნარმანია მანამდე ამბობდა, რომ მზა პროექტებით მოვდივართო. არანაირი ხედვა არცერთი მიმართულებით მე არ მინახავს თბილისის მერიაში. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. <..> ქაოტური მშენებლობები გნებავთ: კბილებით თუ არ დაიცვა მოსახლეობამ და იქ თუ არ გამოვარდნენ ფარით და ხმლით შეიარაღებულნი - ყველას ცხვირწინ ჩაუდგამენ კორპუსს და ამისგან არავინ დაზღვეული არაა. გენგეგმაზე არავინ არაფერს არ ლაპარაკობს“, - განაცხადა ელისაშვილმა.