პარლამენტის ვიცე-სპიკერი ძვიად ძიძიგური მხარს უჭერს დეპუტატის უფლებამოსილების ჩამორთმევას გაცდენების გამო. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გადაცემა „20 30“-ში განაცხადა.
„მე ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ არასაპატიო გაცდენებისათვის გამკაცრდეს ფინანსური სანქციები. ჩემი პირადი მოსაზრება არის და ყოველთვის დავუჭერ ამ მოსაზრებას მხარს: თუ პარლამენტის წევრს არ აინტერესებს პარლამენტის და კომიტეტის სხდომა, საკანონმდებლო საქმიანობა, მაშინ რა უნდა მას პარლამენტში?! მე პირადად დავუჭერდი მხარს ასეთი ტიპის რეგულაციას [უფლებამოსილების ჩამორთმევას]“, - განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ 2012-2015 წლებში პარლამენტის წევრთა საქმიანობის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის 74 წევრს 582 გაცდენა აქვს, ნაციონალური მოძრაობის 38 წევრზე 1971 გაცდენა მოდის.