რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია არ არსებობს და დამარცხებულია. ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ მიერ გამოაქვეყნებული კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც ორგანიზაციის წარმომადგენლები ელიტური კორუფციის არსებობაზე საუბრობენ.
ჯავახიშვილის განმარტებით, ხელისუფლებაში კორუფცია არ არსებობს, თუმცა, მასთან ბრძოლა მთავრობის უპირველესი მოვალეობა მუდმივადაა.
„ეს არ არის ჩემი სფერო, მაგრამ რასაკვირველია, ხელისუფლებაში კორუფცია არ არსებობს. მე ვიცოდე, რომ ჩემს სფეროში არის კორუფცია, თვალებში შემოგხედავთ და გავაგრძელებ ურთიერთობას?! ჩვენ იმ კორუფციას უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ კორუფცია მოუსპობი დაავადებაა და ის ყველა ქვეყანაში ყოველთვის არსებობს.
„ბევრჯერ მითქვამს, რომ კორუფცია მოუსპობი დაავადებაა. ყველა ქვეყანაში ყოველთვის არის და იქნება, იმიტომ, რომ ეშმაკი არ კვდება. ხელისუფლების მოვალეობაა, რომ კორუფცია მინიმუმამდე დაიყვანოს, თორემ მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს და დამარცხებულია“, - განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ საზოგადოებაში არის ცოდვები, რომლებიც არასდროს მოიხსნება.
ნოდარ ჯავახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში, ავსტრიულ მხარესთან ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმების ღონისძიებას დაესწრო.