პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველო პოლიტიკურად და ტაქტიკურად ისეთივე მომზადებულია ალიანსში გასაწევრიანებლად, როგორც ნატო-ს ამჟამინდელი რამდენიმე სრულფასოვანი წევრი, როდესაც ისინი ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიეს.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროატლანტიკურ თანამეგობრობას არ შეუძლია, არ იყოს ჩართული ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების ფასი უკვე მაღალია, რადგან შავი ზღვა ნატო-ს რეგიონია. მეორეს მხრივ, უსაფრთხოების პოტენციური სარგებელი მაღალია - აბრეშუმის გზა, მაგისტრალები, მილსადენები, რკინიგზა, რომელიც მოსკოვის ყოველგვარი ნებართვის გარეშე დააკავშირებს ერთმანეთთან ევროპას და აზიას. ეს არ მოხდება, ან გადაიდება ჩვენს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების გარეშე. ამის საუკეთესო მტკიცებულება რუკაა - ერთი დახედვა რუკაზე საკმარისია, რომ ეს დაინახო“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.