საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბუდაპეშტში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში იღებს მონაწილეობას. უსუფაშვილი პლენარული სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„ეს ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და მეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ავხსნა, რატომ არის ამ შეკრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები ასეთი მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანამ შიდა ძვრები, სამოქალაქო ომი, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი სიდუხჭირე და მეზობელი ქვეყნის მხრიდან შემოჭრა გადაიტანა, თუმცა, მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ქვეყანამ სახელმწიფოს და დემოკრატიის მშენებლობისკენ ნაბიჯები გადადგა.
„ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ხანგრძლივი და მღელვარე მოგზაურობის ბოლოში გასულები, მაგრამ მზად ვართ, რომ გავხდეთ სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ დგას ორივე ფეხზე, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფო პარტნიორი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის. ეს პროგრესი მეგობრების და მოკავშირეების დახმარების გარეშე ვერ მიიღწევა“, - მიმართა დავით უსუფაშვილმა სხდომის მონაწილეებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გატარებულ რეფორმებზე, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი მხოლოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე ორიენტირებული პროექტები არ არის და საქართველოს სურს იყოს უსაფრთხო, დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც იქნება ღია ბაზარი და დაცული იქნება კანონის უზენაესობა.
„საქართველოს სვლა ნატო-სკენ შეუქცევადია. ჩვენი ვალდებულება ევროატლანტიკური კოლექტიური უსაფრთხოების არქიტექტურაში უკვე ცხადია. თუნდაც, ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის შეტანილი ყველაზე დიდი წვლილით. საქართველო,შეიძლება, არ იყოს ალიანსის სრული წევრი, მაგრამ იურიდიულად, პოლიტიკურად და ტაქტიკურად, ჩვენ უკვე ვართ კოლექტიური უსაფრთხოების ღირებული და მოსურნე კონტრიბუტორები“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.