აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე ორი დღით ადრე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რიგაში მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავენ. ღონისძიება ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მხარდაჭერითა და ორგანიზებით ტარდება პროექტის „ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგი" ფარგლებში.
ანგარიშის პრეზენტაციას გახსნიან ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელი დირკ შუბელი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი ვიქტორს მაკაროვსი, საქართველოს ელჩი ლატვიაში თემურ ჯანჯალია, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორი ქეთი ხუციშვილი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული შემდეგი სფეროების მონიტორინგის ანგარიშები მოამზადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ციხის საერთაშორისო რეფორმა", „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", კავშირი „საფარი", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის".
მონიტორინგის ანგარიშები შეეხება შემდეგ საკითხებს:კანონის უზენაესობა და პროკურატურის რეფორმა საქართველოში; კორუფციასთან ბრძოლა; არაჰუმანური მოპყრობა და წამება; ბავშვთა, ქალთა, დასაქმებულ მოქალაქეთა უფლებების დაცვა.
არასამთავრობოების ინფორმაციით, კონფერენცია 19 მაისს, 15:00 საათზე, რიგაში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ლატვიაში" (მისამართი: Elizabetes iela 55) დაიწყება.
საქართველოში ანგარიშის პრეზენტაცია რიგის სამიტის შემდეგ გაიმართება.