თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბაზარზე აუცილებლად გაჩნდება პარკირების სხვა კომპანიები. ამის შესახებ ნარმანიამ გადაცემა „20 30“-ის ეთერში განაცხადა. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ „სითი პარკს“ მერიამ უკვე წაუყენა თავისი პრეტენზიები.
„ის 4 მთავარი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ გვაქვს „სითი პარკთან", არის ძალიან პრინციპული. მათ შორის ერთერთი: კომპანიას არ უნდა ჰქონდეს ექსკლუზივი პარკირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა ზეპირად დაუდასტურეს, რომ „სითი პარკ“-ს არ ექნება პრეტენზია ექსკლუზიურ უფლებებზე, თუ ბაზარზე გამოჩნდება სხვა კომპანია, რომელიც მრავალსართულიან პარკინგებს ააშენებს.
„ბაზარზე აუცილებლად გაჩნდება პარკირების სხვა კომპანიები, იმიტომ რომ ჩვენ უკვე მზად გვაქვს ტექნიკური დოკუმენტაცია მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით და ავარჩიეთ კიდეც გარკვეული ტერიტორიები, რომლებიც მუნიციპალურ და სახელმწიფო საკუთრებაშია, და სადაც ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, ანუ ვაძლევთ ტერიტორიას 49 წლიანი პერიოდით კერძო კომპანიებს, რომლებიც ააშენებენ პარკინგს“, - განაცხადა თბილისის მერმა.