ჩემი მისიაა, რაც შეიძლება ფართო ნაბიჯებით ვიაროთ ნატოსკენ და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, -ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოს მხარდასაჭერი განცხადების კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინიციატივები.
,,ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ის ჩემი კოლეგა იყო სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს წევრი ქვეყნებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან მსგავსი ინიციატივები. ეს, ბუნებრივია, ყველას ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. მომავალ სამიტამდე თითქმის წელიწადნახევარია, ასე, რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარების დინამიკას. თუმცა, ასეთი დასაწყისი ანტალიის სამიტიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინსიტრს არ უთქვამს, რომ ნატოს წევრი გახდება ეს ქვეყნები, თუმცა თქვა, რომ უნდა ვიმოძრაოთ ამ მიმართულებით და უნდა გაიხსნას კარები. ამის შესახებ ნატოს სხვა სახელმწიფოებიც დიდი ხანია საუბრობენ ისევე, როგორც საუბრობს გენერალური მდივანიც. სადამდე მივა ეს პროცესი ძნელი სათქმელია. ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ. ჩემი მისია არის სწორედ ის, რომ რაც შეიძლება აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და რაც შეიძლება ფართო ნაბიჯებით ვიაროთ ნატოსკენ, ” - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ამ განცხადების ფონზე, ივნისში, თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს პირველი სერიოზული საუბრები ექნება.
შეგახსენებთ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანტალიაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს ალიანსის გაფართოებას 2016 წლისთვის მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მაკედონიისა და საქართველოს ხარჯზე.