საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები ამოწურულია და საშუალოვადიან პერიოდში მხოლოდ მერყეობებია მოსალოდნელი.
"იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები არის ამოწურული და საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით კურსის გაუფასურებას სხვა თანაბარ პირობებში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან.
იგი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის რყევებზე მნიშვნელოვნად მოქმედებსგადაჭარბებული უარყოფითი მოლოდინები.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოლოდინები და სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით მოლოდინები არის გადაჭარბებულად უარყოფითი, რაც მოქმედებს გაუფასურების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ბაზრის ის მონაწილეები, ვისაც დოლარი აქვს გასაყიდი, თავს იკავებენ გაყიდვისგან, რადგან აქვთ მოლოდონი, რომ მოკლე ვადაში კურსს ექნება გაუფასურების მიმართულება. ეს მოლოდინი იწვევს კურსის ერთი მხრივ, წონასწორულზე მაღალ წერტილზე ასვლას და შემდგომ ამას ყოველთვის მოჰყვება გამყარება და ჩვენ დეკემბერში გვქონდა ასეთი ნახტომი", - განაცხადა ქადაგიძემ და დასძინა, რომ მოლოდინებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის განცხადებები, რომელიც კეთდება ბოლო თვეების განმავლობაში ლარის პრობლემის ირგვლივ.