22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ წყნეთში გამწვანების აქციით დაიწყო.
"ბაქსვუდის სახელობის საერთაშორისო სკოლა - თბილისის" მოსწავლეებმა და გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა დედამიწას მეორმოცე „სიმბოლურ" დაბადების დღეზე, 50-მდე ახალი ხის ნერგი „სიმბოლურად" აჩუქეს. სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად გამწვანების აქციაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედგინიძემ მიიღო მონაწილეობა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის „დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემოს" ფარგლებში ფიჭვის და კვიპარისის ჯიშის ნერგები დაირგო.
„დღეს ვიმყოფებით „ბაქსვუდის სახელობის საერთაშორისო სკოლა - თბილისში," რომელიც სამინისტროს აქციას "დარგე ხე, გაამწვანე შენი გარემო" შეუერთდა. მივესალმებით ამ მოზარდების სურვილს, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორია გაამწვანონ. მოხარული ვიქნებით თუ, მსგავს გარემოსდაცვით აქციებს სხვა სკოლები, სასწავლო დაწესებულებებიც აქტიურად შეუერთდებიან". - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ გიორგი ზედგინიძემ.