საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის საფასურის ამკრეფებთან დაკავშირებული პრობლემა თავად სოფელმა უნდა გადაყვიტოს.
ამის შესახებ განცხადება ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საკითხი "ქრისტიან- დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დააყენა.
როგორც ვეფხვაძემ განმარტა, იმის გამო, რომ სოფლებში კოლექტიური მრიცხველებია, სოფელი იძულებულია გადასახადის ამკრეფი დაიქირაოს, რაც მათთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს.
"სოფლის მოსახლეობისადმი ასეთი დამოკიდებულება და მიდგომა არის დისკრიმინაციული. გადასახადის ამკრეფებს ფული არა სოფლის მოსახლეობამ, არამედ თავად კომპანიამ უნდა გადაუხადოს, ვინაიდან ამით მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფი ეზრდება", - განაცხადა ვეფხვაძემ.
თავად ენერგეტიკის მინისტრი კი მიიჩნევს, რომ პრობლემა თავად სოფლის მოსახლეობის მოსაგვარებელია და მასში სახელმწიფო ვერ ჩაერევა.
"თუ მეზობელი მეზობელს ფულს ართმევს, ამაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა. მოსახლეობას ქვითრები ინდივიდუალურად მისდის და შეუძლია ინდივიდუალურად გადაიხადოს. თუკი სოფლის მცხოვრებლებს ურჩევნიათ, რომ ელექტროენერგიის საფასური ვიღაცამ აკრიფოს და ამაში ფულს იხდიან, ეს მათი გადასაწყვეტია და ხელისუფლება მასში ვერაფრით ჩაერევა," - აცხადებს ხეთაგური.