ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან მისი შედარების გამო დეპუტატ ლევან ვეფხვაძეს არაკორექტულობაში ადანაშაულებს.
"კორექტულობისკენ" ხეთაგურმა ვეფხვაძეს დღეს, პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ მოუწოდა, რაც ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა, "რამდენად გრძნობს პასუხისმგებლობას ენერგეტიკის მინისტრი იმასთან დაკავშირებით, რომ თავის დროზე, ქვეყნის მთავრობის იმდროინდელ ხელმძღვანელ ზურაბ ნოღაიდელთან ერთად "ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში კორუფციული გზით შემოიყვანა".
"პასუხისმგებლობას ჩემს ყველა ქმედებაზე ვგრძნობ, თუმცა ზურაბ ნოღაიდელთან ჩემი შედარება არაკორექტულად მიმაჩნია და დეპუტატებს მეტი კორექტულობის გამოჩენას გთხოვთ", - განაცხადა ხეთაგურმა.
თავად ვეფხვაძის განცხადებით კი, "ზურაბ ნოღაიდელმა უკვე აღიარა, რომ საქართველოში "ენერგო-პრო ჯორჯიას" შემოყვანა კორუფციული გზით მოხდა და ამის სანაცვლოდ მან ერთი მილიონი დოლარიც კი აიღო".