საქართველოს ყველა სოფელში ბუნებრივი აირის შეყვანა ვერ განხორციელდება. ამის შესახებ განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს გაზმომარაგების ქსელებით უზრუნველყოფა მთელი საქართველოს ტერიტორიის, თუმცა როგორც აღნიშნავს, სოფლების დაახლოებით 20 პროცენტის დაქსელვა ვერ მოხერხდება. ამის მიზეზად კი ტექნიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს. როგორც ხეთაგური აღნიშნავს, სოფლების ნაწილში ბუნებრივი აირის შეყვანა ტექნიკურად ვერ ხერხდება ნაწილში კი ეკონომიკურად იქნება წამგებიანი.
საერთო ჯამში კი მისი თქმით, ასეთი სოფლები მთელი მოსახლეობის 20 პროცენტამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ასეთ რაიონად ხეთაგურმა მესტია დაასახელა და აღნიშნა, რომ მესტიის მომარაგება გაზის ბალონებით მოხდება.
რაც შეეხება ზოგადად ვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხეთაგურის განცხადებით, წელს დასრულდება ბათუმისა და ქუთაისის გაზიფიკაცია. წლის ბოლომდე კი ქვეყნის მასშტაბით აბონენტთა 52 პროცენტი იქნება გაზიფიცირებული.