აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში, გასული წლის აგვისტოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში, დაახლოებით 220 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
ასეთი მონაცემები მოყვანილია ანგარიშში, რომელსაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი ამზადებდა.
ნემცოვის ანგარიში, სახელწოდებით ,,პუტინის ომი” მისმა მომხრეებმა და თანამებრძოლებმა დაასრულეს და პუბლიკას წარუდგინეს.
წიგნში, რომელზეც ნემცოვის თანაპარტიელები, თანამოაზრეები, ჟურნალისტები და ეკონომისტები მუშაობდნენ, დამტკიცებულია, რომ 2014 წლის აგვისტოში ქალაქ ილიოვაისკთან და დონბასის სხვა ცხელ წერტილებში 150-მდე, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისში დებალცევოს რაიონში კიდევ 70 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
ანგარიში შედგენილია იმ მონაცემებისა და ცნობების მიხედვით, რომელსაც ნემცოვს დაღუპული სამხედროების ახლობლები აწვდიდნენ.
ნემცოვის ანგარიშზე მომუშავე ეკონომისტის სერგეი ალექსაშენკოს შეფასებით, რუსეთმა უკრაინის ომში 53 მილიარდი რუბლი დახარჯა.
რუსეთის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში რუსი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას კი დღემდე უარყოფს.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში მიმდინარე წლის 27 თებერვალს მოკლეს.