ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას 150 მილიონიან გრანტს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტტან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დადებითი შედეგები უკვე შეინიშნება ექსპორტის კუთხით. კერძოდ, ექსპორტი ევროკავშირში 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის იანვრის ბოლომდე პერიოდში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია.
"ჩვენ უნდა მოვამზადოთ ქვეყანა და ბიზნეს-საზოგადოება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეები იმისთვის, რომ მათ უფრო კარგად უპასუხონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ყველა მოთხოვნას. ჩვენ საქართველოს უფრო მეტ დახმარებას შევთავაზებთ"- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
იგი შეეხო ასევე, "სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" განხორციელების შესახებ ევროკომისიის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ დასკვნას და მას დადებითი უწოდა.
მარგველაშვილსა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შორის შეხვედრაზე დღეს რიგის სამიტის შესახებ იმსჯელეს და განიხილეს ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორცილების საკითხები.
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.