ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს (NDI) ჩატარებული კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ოთხშაბათს, 13 მაისს გამოქვეყნებს.
დღეს წარმოდგენილი უახლესი კვლევის შედეგების თანახმად კი, მოსახლეობა სამუშაო ადგილებს, ინფლაციას/მზარდ ფასებს და სიღარიბეს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად მიიჩნევს. კვლევის ფარგლებში, ყველაზე პრობლემატურ საკითხებად მოქალაქეთა 67%–მა სამუშაო ადგილები, 43%–მა ინფლაცია და მზარდი ფასები, ხოლო 37%-მა სიღარიბე დაასახელა.
მოსახლეობის მხოლოდ 3% აცხადებს, რომ ამ სამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო ორი წლის განმავლობაში მდგომარეობა გაუმჯობესდა.
მოსახლეობის მხოლოდ 11% ამბობს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებაზე მიანიშნებს; 34% მიიჩნევს, რომ მათი მდგომარეობა გაუარესდა, მაშინ როდესაც 2014 წლის აგვისტოს კვლევაში იგივე მაჩვენებელი 17%–ს წარმოადგენდა.
"მოსახლეობას ყველაზე მეტად ისეთი საყოფაცხოვრებო საკითხები აწუხებს, როგორიცაა სამუშაო ადგილები, ფასები და საკუთარი თავისა და ოჯახების ეკონომიკური უზრუნველყოფა,“ – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის მეოთხედი (23%) მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ როდესაც 2014 წლის აგვისტოს კვლევის იგივე მაჩვენებელი 40%–ს შეადგენდა. პირველად დაფიქსირდა, რომ იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი მთავრობა არ იღებს მათთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს (49%), აღემატება იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელისუფლება ატარებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს (44%).
გამოკითხვა 2015 წლის 27 მარტიდან–19 აპრილამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3%.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).