დიდ ბრიტანეთში გამართულ არჩევნებში მოქმედი პრემიერმინისტრის დევიდ კამერონის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა.
მონაცემების დათვლა თითქმის დასრულებულია და ახლანდელი შედეგებით, 650-ადგილიან თემთა პალატაში კონსერვატორებმა 331 ადგილი მოიპოვეს. დევიდ კამერონმა საკუთარ მომხრეებს წარმატება მიულოცა და პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას გააერთიანებს და თითოეული ბრიტანელის ინტერესებს დაიცავს. მან ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირში ბრიტანეთის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.
მეორე ადგილზე ლეიბორისტები გავიდნენ, რომლებსაც 232 მანდატი ერგებათ. ლეიბორისტების ლიდერმა, ედ მილიბანდმა არჩევნების დღეს იმედგაცრუება უწოდა და, ექსპერტების აზრით, ის თავის პოსტს დათმობს.
წარმატებას ზეიმობს შოტლანდიის ეროვნული პარტია, რომელმაც შოტლანდიის თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა და თემთა პალატაში უპრეცედენტო წარმომადგენლობა ეყოლება - ის 6 წევრიდან სულ მცირე 56-მდე გაიზრდება. გასულ წელს რეფერენდუმზე შოტლანდიის მოსახლეობამ ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი. დამოუკიდებლობის მხარდამჭერი პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ მისი პარტიის წარმატება მისი პოზიციის მხარდაჭერასაც ნიშნავს.
მხოლოდ 8 ადგილი მოიპოვეს ლიბერალ-დემოკრატებმა. უელსის ნაციონალური პარტია Plaid Cymru-ს 3 ადგილს დასჯერდა, თითო-თითო ადგილი კი - ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიასა (UKIP) და მწვანეთა პარტიას ერგოთ.
საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 279 ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი არჩევნებიც ჩატარდა. ლონდონის მოქმედმა მერმა ბორის ჯონსონმა დეპუტატის მანდატი მოიპოვა, თუმცა მერის სავარძლის დატოვებას არ აპირებს და ორი თანამდებობის შეთავსებას გეგმავს.