დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობს. "ბიბისის"ინფორმაციით, ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ.
ამომრჩეველმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის 650 წევრი უნდა აირჩიოს. ამას გარდა, დღეს ინგლისის 279 ადგილობრივი საბჭოს 9 000-ზე მეტი წევრს და რამდენიმე ქალაქის - ბედფორდის, ლესტერის, მესფილდის, კოუპლენდის, მიდლზბროს და ტერბეის მერებს აირჩევენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ინგლისის მასშტაბით, ლონდონის გარდა, ამომრჩეველს ორი ბიულეტენის შევსება მოუწევს.
წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს პარლამენტში ადგილების უმრავლესობას. მიუხედავად ხუთკვირიანი აქტიური კამპანიისა, ვერც პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის "კონსერვატიულმა პარტიამ" და ვერც ოპოზიციური "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, ედ მილიბენდმა ვერ შეძლო წინასაარჩევნო გამოკითხებში წამყვანი პოზიციის დაკავება.
ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. პრემიერი ქემერონი მოსახლეობას ნათელი მომავლის შექმნას და ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის გამართვას ჰპირდება. "ლეიბორისტი" მილიბენდი კი პირობას დებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მთავრობა მხოლოდ ხალხისთვის იმუშავებს. არჩევნებში მონაწილეობას "ლიბერალ-დემოკრატი" ნიკ კლეგიც იღებს, რომელიც ბრიტანელ ხალხს სტაბილურობას ჰპირდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგები დღეს ღამე გახდება ცნობილი, საბოლოო შედეგებს კი ხვალ შუადღით გამოაცხადებენ.