დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა, სოციალური ქსელის საშუალებით, საქალაქო მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მან თავისი უკანონო გადაწყვეტილებით, არა მის დამცირებას, არამედ გაძლიერებას შეუწყო ხელი.
უგულავას განცხადებით, მოსამართლე, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა, კახეთიდან, ღარიბაშვილ-თამაზაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეციალურად გადმოიყვანეს.
,,გადავწყვიტე, სასამართლო პროცესს არ დავსწრებოდი. მეტიც, ეს განცხადება კვირას, სასამართლო პროცესამდე ორი დღით ადრე დავწერე. როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა, ჩემი პრობლემებით და ამ გაუფასურებული სასამართლოებით არ მინდა ხალხს კიდევ უფრო დავუმძიმო განწყობა. თან, როდესაც გადაწყვეტილება წინასწარ იცი, ნაბახუსევი, ჩაწითლებული თვალებით მოსამართლე მრევლიშვილის ფამილარული გამომეტყველების ხილვის არანაირი სურვილი არ მქონდა. ეს და რამდენიმე მოსამართლე ხომ კახეთიდან ღარიბაშვილ-თამაზაშვილის მიერ სპეციალურად იქნენ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოყვანილი, რომ ივანიშვილს აამონ და როდესაც სხვა მოსამართლე ხელს არ მოკიდებს აშკარა უკანონობას, მან, მრევლიშვილმა, ან პავლიაშვილმა ზიდონ ივანიშვილის სამართალი.საერთოდ, სასამართლოების მიერ კონსტიტუციის და კანონის ფეხქვეშ გათელვის მიუხედავად, მე არ ვარ გაბრაზებული არც სასამართლო სისტემაზე, და არც რომელიმე კონკრეტულ, ყალბის შემქმნელ მოსამართლეზე. პატიმრობაში მე კარგად დავინახე ყველა სიყალბე, რაც კი შეიძლება დაბეჩავებულმა სასამართლომ ჩაიდინოს. ახლა გაცილებით უკეთ ვიცი რა და როგორაა შესაცვლელი.ამასთანავე, დავინახე რამდენიმე პრინციპული ადამიანი, რაც მაძლევს იმედს, რომ სოდომის და გომორის მსგავსად, საქართველოს პროკურატურასა და სასამართლოში ყველაფერი ნულიდან არ იქნება დასაწყები. ასე რომ, უბადრუკმა არსებამ დღეს რომ მანტია ეცვა და საქართველოს სახელით ლაპარაკობდა, არც კი იცის, თავისი უკანონო გადაწყვეტილებით, არა ჩემს დამცირებას, არამედ ჩვენს გაძლიერებას შეუწყო ხელი.თავად მე, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს დაველოდები, ხოლო საერთოდ სასამართლოებს მხოლოდ როგორც ოჯახის ნახვის, ან განცხადების გაკეთების სივრცედ გამოვიყენებ. ვფიქრობ, ეს უკეთესი ფუნქციაა, ვიდრე ის, რადაც ივანიშვილმა სასამართლო აქცია”, _აცხადებს უგულავა.
საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმყოფილა და დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარემ მოსამართლეს შუამდგოლობით სასამართლოს 4 მაისის განხილვისას მიმართა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ უგულავა კონსტიტუციის დარღვევით იმყოფება პატიმრობაში და აღკვეთის ღონიძიების გაგრძელება პროკურატურამ მაშინ მოითხოვა, როდესაც 9 თვიანი ვადა დედაქალაქის მერს ამოეწურა და განხილვა ჯერ არ იყო დასრულებული.