საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად მხარს უჭერს და მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩაწყობილი - გარიგებული მატჩების ორგანიზატორთა და ამ პროცესში ჩართულ პირთა გამოსავლენად.
"სამწუხაროდ წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტურუქტურებისა და სფფ-ის შეუვალი პოზიცია ასეთი ფაქტების მიმართ არ იქცა საგულისხმო მაგალითად ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის. მათ მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, დაჭერებისა თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთის არა ერთი მაგალითის მიუხედავად მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს თან. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება და ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე. მანამდე, კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ასეთ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯის ფაქტებს", - ნათქვამია განცხადებაშია.
საფეხბურთო კლუბებში კორუფციული სქემის გამოვლენის ფაქტზე 8 პირია დაკავებული. მათ შორის საფეხბურთო კლუბ „სტუ-თბილისის“ პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურას“ ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, ამიერკვაკასიაში აზიური ტოტალიზატორის „აი-სი-ბი ბეთის“ წარმომადგენელი, ასევე ხარაგაულის „ჩხერიმელას“ ორი მოქმედი ფეხბურთელი, ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი და ორი პირი, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირები 10-დან 20 ათას ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდების წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგის დასრულებისათვის. წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ონლაინ ტოტალიზატორებში, შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.