საფეხბურთო კლუბებში კორუფციული სქემის გამოვლენის ფაქტზე 8 პირია დაკავებული. მათ შორის საფეხბურთო კლუბ „სტუ-თბილისის“ პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ საჩხერის „ჩიხურას“ ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, ამიერკვაკასიაში აზიური ტოტალიზატორის „აი-სი-ბი ბეთის“ წარმომადგენელი, ასევე ხარაგაულის „ჩხერიმელას“ ორი მოქმედი ფეხბურთელი, ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი და ორი პირი, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირები 10-დან 20 ათას ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდების წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგის დასრულებისათვის. წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ონლაინ ტოტალიზატორებში, შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.