საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ფოტოგამოფენა - „დონბასი: მშვიდობა და ომი. უკრაინელი ქალები: მშვიდობა და ომი“ 15:00 საათზე გაიხსნება.
პროფესიონალი ფოტოგრაფების, ჟურნალისტების, სამხედროებისა და მოხალისეების გადაღებული 60 ფოტო დონეცკსა და ლუგანსკში განვითარებულ ყველაზე მძაფრ მოვლენებს ასახავს.
ექსპოზიციის მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უკრაინელი ხალხის ბრძოლაზე დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, ისევე როგორც ევროპული ღირებულებებისთვის. ფოტოგამოფენის ორგანიზატორები არიან უკრაინის უმაღლესი რადას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში კონფლიქტის დარეგულირების კომისარი, ირინა გერაშენკო; საქართველოს პარლამენტი; უკრაინის საელჩო საქართველოში და უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი. თბილისამდე, უკრაინის უმაღლესი რადას ინიციატივით, ფოტოები წარმოდგენილი იყო ბრიუსელში, სტრასბურგში, ლონდონსა და ნიუ-იორკში. ფოტოგამოფენა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში 20 მაისამდე დარჩება.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და უკრაინის უმაღლესი რადას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში კონფლიქტის დარეგულირების კომისარი, ირინა გერაშენკო.