საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, ძალიან სასურველი იქნებოდა, მთავრობას სრული ლეგიტიმაცია, რაც შეიძლება მალე მიეღო იმ მოვლენების გამო, რაც უახლოეს დღეებში ხდება საქართველოში.
„პრეზიდენტს თხოვნა გაეგზავნა, რომ რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში მიეცეს პარლამენტს საშუალება მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცოს. ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ რაც შეიძლება მალე, მთავრობის შემადგენლობას სრული ლეგიტიმაცია მიეღო იმ მოვლენების გამო, რაც უახლოეს დღეებში ხდება საქართველოში. შესაბამისად, ეს იყო ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და ეს იქნებოდა სახელმწიფოროებივად გადაწყვეტილების მიღების ძირითადი საფუძველი. ის მოსაზრებები, რაც პრეზიდენტმა ბრძანა, რომ პარლამენტს მიეცეს ფიქრისთვის მეტი დრო, სადღაც ამაში ლოგიკაც არის, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლებები და საზოგადოებას და პარლამენტსაც დაანახა, რომ მას აქვს უფლება ერთი კვირით შეაჩეროს მთავრობის დამტკიცება, ” - განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, ეს არაფერს არ ცვლის, რადგან მთავრობა მუშაობს და მას აქვს სრული მანდატი მუშაობის.
,,დროებით მთავრობაზე საუბარი არ არის. პრეზიდენტი არის იმ როლში, რასაც ჰქვია არაპარტიული დამოუკიდებელი პირი. ის არის არა რომელიმე პარტიაზე ორიენტირებული პიროვნება, არამედ პირი, რომელსაც აქვს თავისი საკონსტიტუციო უფლებები და ცდილობს გამოიყენოს ეს უფლებები“, - დასძინა საგანელიძემ.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო..