დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ სააქციო საზოგადოება „მადნეულის" თანამშრომლებთან ერთად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაში მიიღო მონაწილეობა. სამინისტრო გამოეხმაურა „მადნეულის" ინიციატივას და უკაცრიელ ადგილზე დღეს 100- მდე წიწვოვანი ნერგი დაირგო.
"განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა ესა თუ ის კომპანია იჩენს ინიციატივას გამწვანების აქციაში მონაწილეობისთვის. დღეს სააქციო საზოგადოება „მადნეულის" ინიციატივას ვუერთდებით და მოხარულები ვართ, რომ ხეების დარგვა კორპორატიულ დონეზეა. ამაზე უკეთეს საქმეს ვერც კონკრეტული ადამიანები და ვერც კომპანიები ვერ გააკეთებენ" - განაცხადა გოგა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დარგვის სეზონი დასასრულს უახლოვდება. სამინისტრო კერძო კომპანიებს თუ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს გამოიჩინონ აქტიურობა და შეასრულონ პატრიარქის კურთხევა.
"რამდენიმე წლის წინ „მადნეული" ასოცირდებოდა კომპანიასთან, რომელიც მხოლოდ აბინძურებდა გარემოს. ჩვენ გარემოს დაცვა ავიყვანეთ პირველ პრიორიტეტად და არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე ვაწესრიგებთ გარემოს, არამედ ვუერთდებით ინიციატივას ქალაქის გარშემო დაირგოს გამწვანების მასები" - განაცხადა „მადნეულის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი დევაძემ.