შვეიცარიაში, ბერნში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს შორის, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო შვეიცარიის კონფედერაციის დელეგაციას - საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჟორჟ მარტენი.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საკითხთა ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავდა როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ,ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას.
გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე განვითარების სფეროში წარმატებული თანამშრომლობისთვის. ყურადღება დაეთმო ცალკეულ სფეროებში (რეგიონთაშორისი კონტაქტები, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ბიზნესი, გარემოსდაცვა, განათლება და სხვა) თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ამას გარდა, შვეიცარიული მხარე დაინტერესდა საქართველოს როლით და პოტენციალით არსებულ და დაგეგმილ რეგიონულ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებში.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პოზიციები და ხედვები რეგიონში შექმნილი ვითარებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობას.განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ფარგლებში საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობისასპექტები.
ბერნში ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის შეხვედრა შვეიცარიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ ფილიპო ლომბარდისთან და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოლიტიკურ დირექტორთან, ელჩ არტურ მათლისთან.