"სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობა საკუთარ არაკვალიფიციურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს, მაგრამ ამჯერად არ მხოლოდ ვეტერინარიის დარგის მიმართ, არამედ ინფორმაციის აღქმის თვალსაზრისითაც.
საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" 16.04.10-ში გამოაქვეყნა მასალა , რომელშიც ყურადღება გაამახვილა საქართველოს რამდენიმე რეგიონში ბრუცელოზის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით და იქვე მიუთითა, რომ "აღნიშნულზე "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს" ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია და მოსახლეობა დაავადების რისკებთან დაკავშირებით არ გაუფრთხილებია. მეტიც _ ამ დრომდე ცხოველთა გეგმიური ვაქცინაცია არ ჩატარებულა".
მასალაში ასევე აღინიშნა იმის შესახებ, რომ საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ეპიზოოტიური რისკის ზონაშია.
სამსახური უფროსის მაია მეტრეველის განცხადებით, "სააგენტოებმა ეს ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს და წინდაწინ რომ აეღოთ სწორი მონაცემები, ცუდი არ იქნებოდა. ბრუცელოზი სხვა არის და მის წინააღმდეგ შინაურ ცხოველთა აცრები არასოდეს ჩატარებულა, და თურქული კი _ სხვა, რომლით ვაქცინირება დეკემბერში ჩატარდა." (გაზეთი "ალია" 17.04.10.)
იქვე მეტრეველმა განმარტა, რომ "ვაქცინის ჩამოსვლამ მართლა დააგვიანა და დეკემბერში მოგვიწია აცრა".
მეტრეველს განვუმარტავთ, რომ ინფორმაცია გაავცელა საგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა", რომლის კორესპონდენტმა მასალის მომზადებასთან დაკავშირებით მიმართა მის სამსახურს და პასუხი ვერ მიიღო. აქვე განვუმარტავთ, რომ მასალაში აღნიშნული არარის, რომ გემიური ვაქცინაცია ბრუცელოზს შეეხება, არამედ მივუთითებთ, რომ ბრუცელოზის ფაქტებთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უმოქმედებაზე და იმაზეც, რომ ამ დრომდე "ცხოველთა გეგმიური ვაქცინაცია არ ჩატარებულა".
გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში მეტრეველი აღნიშნავს, რომ ვაქცინამ "ჩამოსვლა" დააგვიანა. აქვე ვკითხავთ"სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" სამსახურის უფროსს, "თუ ჩამოსვლამ" დააგვიანა, როგორც თქვენ ამბობთ - "ვაქცინაცია ვადებში როგორ ჩატარდა"?
"ვინც ეს დაგეგმა, იმას ვეტერინარიასთან ალბათ საერთოდ შეხება არ აქვს. თუ ეს იდეა ხელმძღვანელობიდან მოდის, მით უმეტეს, უარესი და დამღუპველია ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება, ივნისსა და დეკემბერში დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი, როცა ყველგან ტარდება ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე", _ აცხადებს ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი თენგიზ ყურაშვილი.
რატომ არ უნდა ვენდოთ ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორს და რატომ უნდა დავუჯროთ მეტრეველს, რომელსაც ამ დარგში არავითარი განათლება არ აქვს.
ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალის არსს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" ეროვნულ სამსახურს დღემდე არ ჩაურატებია საგაზაფხულო ვაქცინაცია. მაშინ როდესაც ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი თენგიზ ყურაშვილი აცხადებს, რომ "ახლა და აპრილის ბოლომდე ვაქცინაციის პროცესი უკვე დასრულებული უნდა იყოს".
ის, რომ "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" ეროვნულ სამსახურის უფროსს ვეტერინარიის დარგი არ ესმის და მასში გარკვევასაც არ აპირებს დარგის სპეციალისტებიც ადასტურებენ.
"მე პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ მაქვს არც ქალბატონ მაია მეტრეველთან და არც მის მოადგილეებთან, მაგრამ არც ერთი მათგანი აღნიშნული დარგების სპეციალისტები არაა. როგორ შეიძლება, მენეჯმენტი მართოს ადამიანმა, რომელმაც ვეტერინარიის დარგი არ იცის?" - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თენგიზ ყურაშვილმა.
სპეციალისტი აცხადებს, რომ ვეტერინარია სპეციფიკური დარგია, დაკავშირებულია მრავალ სხვადასხვა გარემოებასთან და ეს ფაქტორები ზოგ შემთხვევაში ერთმანეთს გამორიცხავენ და ზოგ შემთხვევაში ავსებენ.
"როცა ადამიანი ამ დარგის სპეციალისტი არ არის, მისთვის ძნელია ამ ფაქტორების გარჩევა. ხშირად მესმის, რომ ევროპასა და ამერიკას უნდა მივბაძოთ. აშშ-ის მეცხოველეობის დონე და გაძღოლის პრინციპები სრულიად განსხვადება იმისაგან, რაც საქართველოშია. სპეციალისტმა ეს განსხვავებები უნდა იცოდეს და შესაბამისი დასკვნებიც უნდა გააკეთოს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" აკადემიკოსმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე აბსოლუტურად გასაგები ხდება, თუ რატომ ცდილობს "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" ეროვნულ სამსახურის ხელმძღვანელობა და მისი ზოგიერთი მხარდამჭერი სოფლის მეურნებობის სამინისტროში სამსახურის რეორგანიზაციას და მისი დასახელებიდან "ვეტერინარიის" ამოგდებას.
აქვე "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" ეროვნულ სამსახურის მესვეურებს განუმარტავთ, რომ ხარისხიანი ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები ჯანსაღი ცხოველის პროდუქტი შეიძლება იყოს და არა დაავადებულის. ბოლო პერიოდში კი სამსახურს ხარისხიანი პროდუქტზე მზრუნველის პოზა უკავია და ცხადი ხდება, რომ მისი ხელმძღვანელობას წარმოდგენა არ აქვს თუ საიდან მოდის ხარისხიანი პროდუქტი.
"კანონს სურსათის უვნებლობის შესახებ უნდა გააძლიერებინა ვეტერინარიის სამსახური და ხელი უნდა შეეწყო მისი ნორმალურად ფუნქციონერებისათვის. შედეგი კი პირიქით მივიღეთ. ჩვენ ვიწყებთ ასე - სურსათის უვნებლობა ავიყვანეთ მაღალ დონეზე და ხარისხს ვეძებთ უკვე მოხმარების წინ და არა წარმოების დროს. საიმედო პროდუქციას საიდან მივიღებთ თუ ძირიდან არ მოვა კეთილსაიმედო ნედლეული?", - კითხულობს თენგიზ ყურაშვილი.
ყურადღება შევაჩეროთ იმ გარემოებაზეც, რომ თურქულისა და სხვა განსაკუთრებით საშიში დაავადებების (ჯილეხი, ცოფი, ტუბერკულოზი, ბრუცელოზი) დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკური ღინისძიებების ხარჯები დღემდე ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა. მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, პროფილაქტიკური აცრების ჩატარება ცოფზე, თურქულსა და ჯილეხზე პრობლემური გახდა. იქნებ განმარტოს სამსახურმა რა გახდა ამის მიზეზი, ის ხომ არა, რომ არაკვალიფიციურობის გამო ვერ ახერხებს რისკების დასაუთებას?
"სავეტერინარო სამსახური ფაქტობრივად აღარ არის. ეს ცხადად დაგვანახა ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებამ. არადა ამ საშიშროების შესახებ დაავადების შემოჭრამდე მთელი 9 წლით ადრე (1998 წელს) ვიტყობინებოდი. როდესაც დაავადება საქართველოში ორგან გამოვლინდა - ფოთსა და ლანჩხუთში - და ისიც ჯერ კიდევ ფართოდ არ იყო გავრცელებული, ყურიც არ ათხოვეს ჩვენს წინასწარ დიაგნოზს. ცხადია დაავადების შესაჩერებლად, არც შესაბამისი ზომები მიუღიათ, პირიქით, უნდობლობა გამოგვიცხადეს და მასალა შესამოწმებლად ინგლისში გაგზავნეს. იქიდან პასუხის მიღების დროისთვის კი დაავადება უკვე კახეთამდე იყო მისული", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თენგიზ ყურაშვილმა.
იმის გამო, რომ "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" ეროვნულ სამსახურის მესვეურებს უჭირთ განჭვრიტონ მოსალოდნელი საფრთხეები შვეცდებით მათ მივაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია.
"თუ ვეტერინარულ სამსახურს ჯეროვანი ყურადღება არ მეიქცა, ჩვენთან გაჩნდება ძროხის ღრუბლისებური ენცოფალოფატია, ან უფრო უარესი - აფრიკისა და აზიის დარად, საქართველო ახალი დაავადების კერა გახდება. ამის მტკიცების საფუძველს ქვეყანაში ამ ბოლო დროს ერთად თავმოყრილი სხვადასხვა სახეობის, ჯიშისა და ასაკის არაიმუნური ცხოველები მაძლევს. არავინ იცის რა მუტაციას რეკომბინაციას და სხვა ცვლილებებს განიცდის არაიმუნური ცხოველის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსების, ბაქტერიების, სოკოების მრავალი სახეობა და სეროლოგიური ტიპი", - აცხადებს აკადემოკოსი თენგიზ ყურაშვილი.
აქვე, ცუდი არ იქნება, თუ "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" ეროვნულ სამსახურში დაფიქდებიან რამდენად საშიშია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ჯილეხისა და სხვა დაავადებების აღმძვრელები, როგორც ბიოლოგიური იარაღი. ამის დასადასტურებლად "11 სექტემბერის" შემდეგ "საფოსტო გზავნილების" თემის გახსენებც კმარა.
და ბოლოს, რადგან, "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" ეროვნულ სამსახური მიიჩნევს, რომ "მასთან" ყველაფერი კარგადაა იძულებული ვართ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაცია მივაწოდოთ.
2009 წლის მესამე კვარტალში 1101,1 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაფიქსირდა, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 1120,4 შეადგინა.
მათ შორის, ფური და კამეჩი - 539,3 ათასი (2008 წელს 579,8 ათასი), ღორი - 155,0 ათასი (2008 წელს - 160 ათასი), ცხვარი და თხა - 561,5 ათასი (2008 წელს - 664 ათასი), ფრინველი - 8864,8 ათასი (2008 წელს - 8982,2 ათასი).
2000 წელთან შედარებით 2008 წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუქტყვის სულადობა შემცირდა 131,9 ათასი სულით, მათ შორის ფურის და კამეჩის 85,7 ათასი სულით, ღორის 35,5 ათასი სულით, ცხვარისა და თხის 24,0 ათასი სულით. სულადობის შემცირების თვალსაზრისით, მეტად სავალალო მდგომარეობაა აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთში, სამცხე- ჯავახეთში. ხოლო ღორის სულადობა საქართველოს ყველა რეგიონშია შემცირებული. დაეცა მეფრიველეობის სულადობაც და 2000 წელთან შედარებით შეადგენს 1143,3 ათას ფრთას. იმერეთში შემცირებულია 448 ათასი ფრთით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 45,3, შიდა ქართლში - 101,7 ათასი ფრთით და ა.შ.
მეცხოველეობაში სულადობის შემცირებამ ბუნებრივია გამოიწვია მეცხოველეობის პროდუქტების შემცირებაც. 2000 წელთან შედარებით 2008 წელს ხორცის რაოდენობა შემცირდა 54,2 ათასი ტონით, ღორის ხორცი - 23,5 ათასი ტონით, ცხვრისა და თხის - 5,0 ათასი ტონით და ფრინველის ხორცის 800 ტონით.
ჯეროვანი მკურნალობის ჩაუტარებლობის გამო ბოლო ხანს მკვეთრად მოიმატა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაცემამ და 2000 წელთან შედარებით 2008 წელს შეადგინა 46,3 ათასი სული. პირუტყვის დაცემის მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება იმერეთის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონები. ანალოგიურად ღორის ცხვრისა და ფრინველის დაცემის მაჩვენებელი მომატებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონებში.
და ბოლოს, რაიონებში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ან ორი ვეტერინარია. რა თქმა უნდა, ეს არასაკმარისია და ის ფუნქციები, რაც მათ კანონით აკისრიათ ვერ უზრუნვეყობს რაიონების ვეტერინალურ კეთილსაიმედოობას. ბოლო დროს გახშირდა დაკავების ფაქტებიც, რაც კორუფციულ გარიგებებს უკავშირდება.
"ასეთი მომენტები საქართველოში ყოველთვის იქნება იმის გამო, რომ ერთ ვეტერინარს არ შეუძლია რაიონის მასშტაბით გააკონტროლოს ყოველი დაკლული ცხოველი. ეს ფიზიკურადაც შეუძლებელია. შესაბამისად რეგიონებში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელია", _ აცხადებს ყურაშვილი.
საქართველოს რაიონებში შტატით დღეს მხოლოდ 120-მდე ვეტერინარი მუშაობს. სხვას ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, როგორ უნდა მიხედოს საშუალოდ 9 ათასზე მეტ საქონელს ერთმა ვეტერინარმა, ამაზე თუ უფიქრიათ "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" ეროვნულ სამსახურში?
ჩვენ საკმაოდ შორს ვართ რაიმე სახის დასკვნების გაკეთებისგან, მაგრამ ვეტერინარიისადმი დამოკიდებულების ის ფორმა, რომელსაც ამჟამად "სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის" ეროვნული სამსახური ატარებს რატომღაც ძალაუნებურად ბადებს კითხვებს, თუ ვის სჭირდება ქვეყანაში ახალი პრობლემების წარმოქმნა და მით უფრო, ამ დაძაბული პოლიტიკური ფონის, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარედან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით? და კიდევ, რას ერჩის მაია მეტრეველი ქვეყანას და მის პერსპექტივებს?