საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულთან, დავით კირკიტაძესთან ერთად მარნეულში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მარნეულის ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 83 ოჯახის მთავარი პრობლემა აღნიშნული საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემა იყო.
დევნილებმა მინისტრისგან პირობა მიიღეს, რომ ფართების დაკანონების პროცესი მომავალ კვირას დაიწყება და 2 თვეში დევნიელბი საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს მიიღებენ. დაპირება მიიღეს, რომ პროცესი დაიწყება და მაქსიმუმ ორ თვეში დასრულდება.
"ერთადერთი საკითხი, რასაც ამ ეტაპზე მინისტრს ვთხოვთ, არის ის, რომ ეს ფართები, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას აქვს დაკავებული, საკუთრებაში გადმოგვცენ. ძალიან გაგვიხარდა, რომ მინისტრი პირადად ჩამოვიდა და დაკანონებაზე თავად გვესაუბრა. აქ 10 წელზე მეტია ვცხოვრობთ და გვსურს, საკუთრება გაგვაჩნდეს. მადლობის მეტი რა გვეთქმის."
რაც შეეხება აღნიშული ობიექტებში განხორციელებულ სამუშაოებს, შენობები მთლიანად გადაიხურა, მოწერგიდა კანალიზაცია, წყალმომარაგება, გაკეთდა სტადიონი და გზა.
კობა სუბელიანმა დევნილებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დევნილების საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება და ასე მანამ გაგრძელდება, სანამ ყველა დევნილი ღირსეულად არ იცხოვრებს: "ხედავთ, რომ შეკეთდა სახურავი, გარემონტდა წყალ-საკანალიზაციო სისტემა და ეს ფართები დევნილთა საკუთრება იქნება. არ ექნებათ შიში, რომ აქედან ვინმე გამოასახლებს. რაც ჩვენმა პრეზიდენტმა ბრძანა, ყველაფერი სრულდება. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ ყველაფერი სრულდება და მათი საცხოვრებელი პირობები ყოველდღე უმჯობესდება."