საქართველოში ბიზნესგარემო არის აბსოლუტურად თავისუფალი, ბიზნესი ხელშეუხებელია და თუ რაიმე კანონდარღვევა მოხდა რომელიმე კომპანიის ბიზნესპარტნიორებს შორის, ამას შესაბამისი უწყებები შეისწავლიან, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მთავრობის მეთაურმა მიიღო ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც შვეიცარიელ დიპლომატს აწუხებს და დაჰპირდა, რომ აღნიშნული თემით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება.
„მე მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი შვეიცარიის ელჩთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, მის წინსვლას, პერსპექტივას და პროგრესს. მაინტერესებდა, რას შეეხებოდა მისი წუხილი და მან ამიხსნა, რომ შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელსაც ჰყავდა ქართველი პარტნიორები, სავარაუდოდ, ქართველმა პარტნიორებმა მოატყუეს და მისი აღქმით, დავა გაგრძელდა არასამართლიან გარემოში. ელჩს დავპირდი, რომ დღესვე დავავალებ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ეს საკითხი და თუ რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესი არის და ყოველთვის იქნება ხელშეუხებელი და დაცული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წარმომადგენლების რეაგირებით კმაყოფილია შვეიცარიის ელჩი. როგორც გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში სერიოზული პრობლემები აწუხებთ. მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებობს მოულოდნელი საგადასახადო პრობლემები და ჯარიმები, რაც შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისთვის რისკებს წარმოადგენდეს.