27 აპრილს, 15:00 საათზე, სპორტულ კომპლექსში „არენა“ (მის: უნივერსიტეტის ქ. 2), „შავფაროსნები“ და ანსამბლი „ჩვენებურები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად გამართავენ პრესკონფერენციას რომის ფესტივალზე მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით.
„შავფაროსნები“ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე „Natale di Roma“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრნენ და ევროპის 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს.
საქართველოს სახელით, რომის ფესტივალზე ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულება, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნებმა” და ანსამბლმა ”ჩვენებურებმა” წარადგინეს. ქართველების გამოსვლამ „Natale di Roma“-ს ასეულ ათასობით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და უცხოური მედიის ინტერესის ობიექტიც გახდა.
ევროპის უძველესი დედაქალაქის რომის დაარსებისადმი მიძღვნილი ფესტივალის სანახავად
ტურისტები იტალიაში მთელი მსოფლიოდან ჩადიან, რადგან ამ დღეს რომში ევროპის ანტიკური ისტორია ცოცხლდება. ფესტივალის ფარგლებში რომის ისტორიულ ქუჩები იკეტება და ოთხ კილომეტრიანი კოსტიუმირებული აღლუმი იმართება. აღლუმზე, რომელსაც მაყურებლის უწყვეტი ნაკადი მიუყვება, ყველა ქვეყანა საკუთარ კულტურას და საბრძოლო ისტორიას წარადგენს.