დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უწყებათა პირველმა პირებმა, დიმიტრი შაშკინმა და გიორგი ტუღუშმა მოაწერეს.
განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხაებით, მემორანდუმი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო პროცესში ადამიანის უფლებების სრულფასოვანი რეალიზაციის ხელშეწყობას.
მემორანდუმი შემდეგ საკითხებზე თანამშრომლობას ითვალისწინებს:
განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა პირისთვის; სკოლებში ძალადობის პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება; ბავშვის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, ბავშვის უფლებების საგანმანათლებლო პროგრამებში ასახვის კუთხით; ბავშვის უფლებების მონიტორინგი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში; ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში; განათლების უფლებების სრულად განხორციელებისათვის აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივებზე, პოლიტიკის დოკუმენტებსა და სხვადასხვა პროგრამებზე ერთობლივი მუშაობა; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა განათლების უფლების დაცვა; საგანმანათლებლო დაწესებულებებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელების და სხვა მიზნობრივი ჯგუფების უფლების სრულად რეალიზაცია; გენდერული საკითხების გათვალისწინება საგანმანათლებლო პოლიტიკაში;
ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს მემორანდუმის ფარგლებში დიალოგი აწარმოონ, მოახდინონ რეკომენდაციებისა და წინადადებების განხილვა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მათი თქმით, საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მოქალაქის, მიუხედავად სტატუსისა, ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური შესაძლებლობისა - საგანმანათლებლო პროცესში სრულფასოვან რეალიზაციას.