ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად 9 მაისს მოსკოვში გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი ჩავა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვი ავრცელებს.
მისივე თქმით, 9 მაისს მოსკოვში იუნესკო-ს გენერალურ მდივანს ირინა ბოკოვასაც ელოდებიან.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად, რუსეთის დედაქალაქში ჩასვლა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმაც გადაწყვიტა.
ამ დროისთვის, 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრების სურვილი 26 ქვეყნის ლიდერმა გამოთქვა.
პარადს დაესწრებიან ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ვიეტნამის, მონღოლეთის, კუბის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ისლანდიის, მაკედონიის, ჩერნოგორიის, სერბიისა და ნორვეგიის ლიდერები.
მოსალოდნელია, კრემლს საბერძნეთის, კვიპროსისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებიც ეწვიონ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიპატიჟებაზე უარი თქვეს საქართველოს, ისრაელის, ფინეთის, ჰოლანდიის, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთის ხელმძღვანელმა პირებმა.
რაც შეეხება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ის მოსკოვში ვიზიტს 10 მაისისთვის გეგმავს.