პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს და გადაცემა 20/30-ის ანალიტიკოსებს მისი საცხოვრებლების დასათვალიერებლად იწვევს. ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ და ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
აბაშიშვილის განმარტებით, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ავლაბარში პრეზიდენტის სასახლის დათვალიერებაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქ მხოლოდ მუშაობს.
,,მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით, მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი მზად არის, უმასპინძლოს ბიძინა ივანიშვილს და 20/30 ანალიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართების დეტალურად დასათვალირებლად, ყველა მედიასაშუალების თანდასწრებით, ნებისმიერ დროს. ამავდროულად, ცხადია, შესაძლებელია, დაათვალიერონ ავლაბრის რეზიდენციაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის სამუშაო და არა საცხოვრებელი ადგილი. პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში არ ცხოვრობს"_აცხადებს აბაშიშვილი.